15726940_10154826071874192_9145792675882010266_n (1)

ჩვენ შესახებ

„ათინათი“ – შენი ნათელი მომავლისათვის!

ასოციაცია „ათინათი“  შეიქმნა 1995 წელს. ის პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა ქალაქ ზუგდიდში  და დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს.

საზოგადოების მაღალი ნდობა, რომლის მოპოვებაც მან შეძლო, რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული:  მაღალკვალიფიციური კადრები, კეთილგანწყობილი გარემო, ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ხარისხითა და ობიექტურობით გამორჩეული საკუთარი მედია საშუალება (რადიო „ათინათი“  FM 105.9). ორგანიზაციის მდგრადობის დასტურია 100–ზე მეტი წარამტებულად განხორციელებული პროექტი და შესაბამისად, ათასობით კმაყოფილი და მადლიერი ადამიანი.

 „ათინათის“  მისიაა:

განათლებული, ტოლერანტი  და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამისათვის, „ათინათი“  ახორციელებს მოქალაქეთა კომპეტენტურობის ამაღლების, უფლებების დაცვის და  შესაძლებლობების  გაძლიერების ხელშემწყობ პროგრამებს. ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და  მოსახლეობის ინფორმირებულობას.

განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის დევნილი (რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე) მოსახლეობის  გაძლიერებას.

ამჟამად „ათინათი“   მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

1.    სამოქალაქო საზოგადოების განვითარება:

ამ მიმართულებით „ათინათი“  სხვადასხვა დონორების დახმარებით ახორციელებს შემდეგ  საქმიანობებს:

  • ახალგაზრდების, ბავშვებისა  და პედაგოგებისთვის არაფორმალური განათლების პროგრამებს. საჯარო სკოლებში ჩამოყალიბებული აქვს ახალგაზრდული კლუბები, ზრუნავს პედაგოგთა გადამზადებაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მუშაობს მშობლებთან. „ათინათი“  ასევე ჩართულია ევრო კავშირი პროგრამა „ერასმუს +“-ში და ახორციელებს ახალგაზრდულ  გაცვლით პროექტებს, ევროპული მოხალისეობრივი სერვისის ფარგლებში „ათინათი“  მასპინძლობს ევროპელ და აგზავნის ქართველ  მოხალისეებს ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციებში.
  • ათინათი“  ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების  ამაღლებას ცნებაზე – „მოხალისეობა“,  და თავადაც აქტიურადაა ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობებში.
  • ასევე მუშაობს ქალებთან და ეხმარება მათ გაძლიერებაში, მეწარმეობისა და ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
  • „ათინათი“   ქმნის შესაძლებლობებს სამი სექტორის (სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნესი) დაახლოებისა და მოსახლობის  ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობისათვის.
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება; „ათინათის“   საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური კონულტაციებს უწევს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ინფორმაციის მიწოდებითა და ტრეინინგებით ხელს უწყობს მათ განვითარებას.

2.    მოწყვლადი (სოციალურად დაუცველი) ფენების დახმარება

ამ მიმათულების მიზნობრივი ჯგუფი/ბენეფიციარები ძირითადად არიან  იძულებით გადაადგილებული პირები,  ძალადობის მსხვერპლები (ძირითადად –  ქალები და ბავშვები) და მიგრანტები. „ათინათი“   ძალადობის მსხვერპლებს უწევს ფსიქოლოგიურ და იურიდიულ კონსულტაციებს და სამედიცინო დახმარებას, მუშაობს ასევე  მოძალადეებთან, ავრცელებს ინფორმაციას და  მუშაობს პრობლემის პრევენციაზე. ორგანიზაცია ასევე ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს, რითაც ხელს უწყობს კარგად მართული ლეგალური მიგრაციის საფუძვლების ჩამოყალიბებას საზღვარგარეთ.

3.    საზოგადოების ინფორმირებულობის ხელშეწყობა:

„ათინათს“  გააჩნია საკუთარი მედია საშუალება – რადიო „ათინათი“  (FM 105.9), რომელიც მაუწყებლობს დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთის ჩათვლით). რადიო მოსახლეობას სთავაზობს ახალ ამბებს და მიუკერძოებელ ინფორმაციას.

რადიოს არსებობა ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია მისი ცნობადობის გაზრდისა და  სტრატეგიული მიმართულების წარმატებულად განხორციელებისთვის. რადიოს მაუწყებლობა 24 საათიანია. მისი მსმენელები  გადაცემების საშუალებით ყოველთვის  გრძნობენ  როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ცხოვრების მაჯისცემას.